რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება – $3 მლრდ – POLITICO
- ეკონომიკა
- მაისი 17, 2024
- 117
ახალი კვლევის თანახმად, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით, შენიღბული ტვირთის სახით ხვდება.
“გასული წლის მაისში თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვრიდან 60 კილომეტრის დაშორებით, ჯეიჰანის ტერმინალში შესულ ნავთობტანკერს, საწვავით სავსე 150 000 კასრი თურქეთიდან სამხრეთ საბერძნეთისკენ, Motor Oil Hellas-ის ნავთობგადასამუშავებელ საწარმოში გადაჰქონდა. საწვავი, წესით, თურქული უნდა ყოფილიყო, რადგან ათენი ამტკიცებდა, რომ, ევროკავშირის სანქციების გამო, რუსულ ტვირთს არ მიიღებდნენ. თუმცა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვირთი, დიდი ალბათობით, შენიღბული რუსული ნავთობი იყო” – ამის შესახებ ამერიკული მედია Politico, CREA-სა (ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრი) და CSD-ის (დემოკრატიის კვლევის ცენტრი) კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
კვლევის ანგარიშის თანახმად, რუსული ნავთობი ევროპის ქვეყნებში ლეგალური გზებით შედის – ბრიუსელის სანქცია ევროკავშირის ტერიტორიაზე “შერეულ” საწვავს კვლავ უშვებს, თუკი იგი მონიშნული იქნება, როგორც “არარუსული” პროდუქტი. კვლევამ აჩვენა, რომ სანქციებზე გვერდის ავლის ამ გზით, მოსკოვმა, 2023 წლის თებერვალში EU-ში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, 1 წელიწადში $3 მილიარდი გამოიმუშავა.
“თურქეთის პორტები რუსული ნავთობპროდუქტებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად სტრატეგიული “პიტ-სტოპი” აღმოჩნდა. იგი კრემლის საომარი ხაზინისთვის ასობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, საგადასახადო შემოსავლების სახით”, – განმარტავს “დემოკრატიის კვლევის ცენტრის” უფროსი ანალიტიკოსი, მარტინ ვლადიმიროვი.
კვლევის მთავარი მიგნებები:
- ევროკავშირმა 2023 წლის 5 თებერვლის შემდეგ, თურქეთის სამი პორტიდან – ჯეიჰანი, მარმარა ერეღლისი და მერსინი – $3.1 მილიარდის ღირებულების 5.16 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა. ამავე პერიოდში, აღნიშნულ პორტებში შესული ნავთობპროდუქტების 86% – რუსეთიდან იყო.
- CREA-სა და CSD-ის გამოძიება ვარაუდობს, რომ, ევროპა რუსული საწვავის იმპორტს, “შერეული” სახით, თურქეთის ნავთობშესანახი ტერმინალებიდან ახორციელებდა.
- 2023 წლის მაისში ჯეიჰანის პორტში, Toros Ceyhan-ის ნავთობტერმინალში, 26,923 ტონა ბენზინი ნოვოროსიისკიდან შევიდა – ეს იყო 3 თვის მანძილზე პირველი ტვირთი, რომელიც ტერმინალმა მიიღო. 10 დღის შემდეგ იგივე ტერმინალიდან დაახლოებით იგივე მოცულობის საწვავი საბერძნეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში გაიგზავნა – სავარაუდოდ, სწორედ ამ გზით მოხვდა რუსული ნავთობი ევროპაში.
- 2023 წლის 5 თებერვალს EU/7G-ის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, 2024 წლის თებერვლამდე, თურქეთმა 17.6 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული პროდუქტის იმპორტი განახორციელა, რაც, წლიურ ჭრილში, 105%-იანი ზრდა იყო. სანქციის ამოქმედების შემდეგ, თურქეთის ნავთობპროდუქტების იმპორტის 81%-იანი წილი რუსეთზე მოდის.
- 2023 წელს თურქეთში ნავთოპროდუქტების შიდა მოხმარება 8%-ით გაიზარდა. ამის პარალელურად, ქვეყანაში ნავთოპროდუქტების საზღვაო იმპორტი 56%-ით გაიზარდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ თურქეთი რუსული პროდუქტის რეექსპორტის ჰაბად იქცა და იმპორტის ზრდა შიდა მოხმარების ზრდაზე დამოკიდებული არაა.
- თურქეთში რუსული ნავთობის ექსპორტმა, საგადასახადო შემოსავლების სახით, 5.4 მილიარდი ევროს შემოსავალი შეიტანა კრემლში.
ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა ხაზს უსვამს რუსეთის კრეატიულ მცდელობებს, მტკიცედ დაიცვას წიაღისეული საწვავით ვაჭრობა, რომელიც კრემლის ბიუჯეტის ნახევარს ავსებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო კამპანიის წარმოებისთვის. გასულ წელს Politico-მ ასევე გამოავლინა, რომ მოსკოვმა ბულგარეთის გავლით ევროკავშირში საწვავის გაყიდვით $1 მილიარდი გამოიმუშავა, სწორედ მაშინ, როდესაც “დიდი შვიდეულის” გეგმამ – შეეზღუდათ რუსული ნავთობის გაყიდვა 1 ბარელზე 60 დოლარად – არ იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ვაჭრობა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობას ამძაფრებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად თურქეთიც ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს შეუერთდეს. Politico-ს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანკარამ მოსკოვს “ბუნებრივი აირის ჰაბად” საკუთარი ქვეყანა უკვე შესთავაზა.
ევროკავშირის უახლესი განცხადებები თურქეთს მოქმედებისკენ მოუწოდებენ, თავად ბლოკი კი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობს.
“უნდა გავამკაცროთ ჩვენი ზომები და ვიპოვოთ გზები, რომლებიც სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციაში დაგვეხმარება. მესამე ქვეყნები, განსაკუთრებით NATO-ს მოკავშირეები (როგორიცაა თურქეთი) ევროკავშირის სანქციებს უნდა მოერგონ”, – განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნმა Politico-ს.